თბილისის მერი კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას „დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა“ არ გამოუვიდა.
კალაძე ცვლილებების მხარდაჭერისთვის „ჯანსაღად მოაზროვნე“ პოლიტიკოსებს მადლობას უხდის.
„საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად. ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.
მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.
პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.
არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია...
მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს!“, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ.