არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს სოფიო კილაძისკომიტეტის წევრად შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით მიმართავენ.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, მათი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სოფი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით.
"ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
2020 წლის მეორე ნახევარში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რიგით მეთვრამეტე სესიაზე (კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოთა კონფერენცია), კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს.
მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტის მომავალ კანდიდატებს გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით არჩევენ და წარუდგენენ კომიტეტს.
საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.