ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ, - წერს სოციალურ ქსელში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რითაც ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენას ეხმიანება.
მისი თქმით, ის დაელოდება ირაკლი შოთაძისგან ღირსეულ ნაბიჯებს
"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!
ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!
ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.
ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა.
ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!
დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს
და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!
ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს", - წერს სარალიძე.
იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" დღეს წარუდგინა.
2018 წლის 31 მაისს, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოება პროკურატურასთან აქცია გამართა.
გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას რეალური მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები დამალა და გამოძიება პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის გავლენის ქვეშ მიმდინარეობდა.
მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად წარიმართა და პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.