დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები შეიკრიბებიან და მსჯელობას გამართავენ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ სამომავლოდ.
მისი თქმით, დღეს ბიუჯეტიც შეიძლება ჩავარდეს, ეს უკვე გახდება რიგგარეშე არჩევნების საფუძველი
„ეს პოლიტიკურ კრიზისზე მეტია უკვე, უბრალოდ, კომიკური ვითარებაა, რომ ვუყურებ. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვამბობდით და ნაბიჯს ვდგამდით, რომ მოვდიოდით უმრავლესობიდან, ყველამ იცოდა ძალიან კარგად რატომაც მოვდიოდით და ახლა რომ ტოვებენ უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“, ეს უფრო სასაცილოა სიმართლე რომ გითხრათ. ეს არის სამწუხარო. მაშინ, როდესაც ვამბობდით, როდესაც საჭირო იყო უმრავლესობის დატოვება, მაშინ გადაედგათ ეს ნაბიჯი და არ განვითარებოდა ასე. სხვა სურათი გვექნებოდა დღეს... აქედან უნდა ვეძებოთ ძალიან გონივრული გამოსავალი. იმიტომ რომ ეს, არის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა. ბიუჯეტიც შეიძლება ჩავარდეს, ეს უკვე გახდება რიგგარეშე არჩევნების საფუძველი“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.