რატომ არ მოსწონს საქართველოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩატარების იდეა, რა ელის მას იმ შემთხვევაში თუ საქართველო "ჩერქეზი ხალხის" გენოციდს აღიარებს, როგორ აპირებს რუსეთი საქართველოს დასჯას და როგორ "გაუდგება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გზას ჯავახეთი და ბორჩალო". სტატია, სათაურით "რატომ არ აწყობს საქართველოს სოჭის 21014 წლის ოლიმპიადა", სადაც აღნიშნულ თემებზეა საუბარი, რუსი სამშვიდობებების საიტზე გამოქვეყნდა.
სტატიაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის ალექსანდრე ბორტნიკოვი საუბრობს, რომ მისი უწყება ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოლიმპიადის ჩაშლა იგეგმება. მისივე თქმით, ტერაქტების მოხდენის ალბათობის ფაქტორმა, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს სოჭში ოლიმპიური თამაშების მომზადებასა და ჩატარებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან ერთად, ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ბორტნიკოვი არ აკონკრეტებს თუ კერძოდ საიდან მოდის ოლიმპიადის ჩაშლის საფრთხე. ექსპერტთა აზრით, შესაძლოა ოლიმპიადის ჩატარებას საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები ემუქრებოდნენ, ისეთები როგორებიცაა "ალ-ქაიდა" და კავკასიელი ექსტრემისტები.
რუსული მედია ასევე წერს, რომ ოლიმპიადის ჩატარების ყველაზე თანამიმდევრული მოწინააღმდეგე საქართველოა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენაა მიმართული. ამასთან ერთად, რუსულ მედიას აღნიშნულ სტატიაში ასევე მოჰყავს ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვები: "ჩვენ მივიღეთ მინისტრისაგან (საგარეო საქმეთა მინისტრი) ინსტრუქციები და დავალებები, ვიმუშაოთ რუსეთისათვის მისი პოზიციებისათვის საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო ფორუმებსა და ღონისძიებებზე მაქსიმალური დისკომფორტის შექმნისათვის".
ამას გარდა, რუსული მედია ასევე წერს, რომ 2009 წლის აგვისტოში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და რუსეთისათვის ოლიმპიადის ჩატარების უფლების ჩამორთმევა მოითხოვა. ხოლო მას შემდეგ რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს თხოვნა არც კი განიხილა, საქართველომ გადაწყვიტა სხვა გზით ევლო.
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კარგად ესმის, რომ ოლიმპიადის სოჭში ჩატარება იქნება მსოფლიო საზოგადოების ირიბი მხარდაჭერა რუსეთისადმი მის მიერ კავკასიაში გატარებული პოლიტიკისა, სწორედ ამიტომაც ცდილობს იგი შექმნას უარყოფითი იმიჯი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის მიმართ.
ამის გამო, ქართული მხარის მხრიდან გამუდმებით არის მცდელობები მაქსიმალურად დაძაბოს მდგომარეობა კავკასიაში. ბოლო დროის განმავლობაში ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსურ საზღვრებზე გახშირდა პროვოკაციები ქართველი სამხედროების მონაწილეობით.
ამას გარდა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი გააჩაღა ლოზუნგით "მოსკოვის მიერ ჩაგრული კავკასიის ხალხების უფლებების დასაცავად". პირველ რიგში საუბარი მიდის ე.წ. ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების საკითხზე.
საქართველოს პარლამენტი აპირებს განიხილოს საკითხი XIX საუკუნეში თითქოს მომხდარი ჩერქეზი ხალხის გენოციდის შესახებ, რომელიც თითქოს რუსეთის იმპერიამ მოაწყო. ასევე ფიგურირებს საკითხი ადიღეელი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებაც.
მიუხედავად "ჩერქეზი ხალხის ისტორიის" დამცველების ასეთი აქტიურობისა რუსეთის მიერ "ჩერქეზების გენოციდის" აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან ასზე მეტი წლის წინ მომხდარი მოვლენები, არაფრით არ შეესაბამება სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ჩამოყალიბებულ ამგვარი ქმედებების საერთაშორისოდ აღიარებულ განსაზღვრებას.
საქართველოსათვის ე.წ. ჩერქეზი ხალხის აღიარების საკითხი საკმაოდ გემრიელი ლუკმაა _ ამ ლუკმით იგი ერთბაშად ორ კურდღელს კლავს - საერთაშორისო არენაზე რუსეთის იმიჯს აფუჭებს და ოლიმპიადის ჩატარებას საფრთხეს შეუქმნის და თავის პარტნიორს აშშ-ს მისცემს მოსკოვზე ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტს. ამასთან ერთად შექმნის არასტაბილურობის კერას რეგიონში და მომავალი რევანშისათვის ნიადაგს მოამზადებს.
მხოლოდ, ვიდრე ამ ავანტიურისტულ გეგმებს აშენებს, საქართველოს არ უნდა დაავიწყდეს თუ რით დასრულდა მისი წინა ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში. მან უნდა გათვალოს "ჩერქეზების გენოციდის" აღიარების შესაძლო შედეგები. ამგვარი გადაწყვეტილების შედეგი კი ცხადია.
უპირველესად ყოვლისა, განაწყენდება მეზობელი სომხეთი. ისიც ხომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია აყენებს საკითხს ოსმანური თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ, რომელიც "ჩერქეზების გენოციდისაგან" განსხვავებით მძლავრი დამადასტურებელი ფაქტების ბაზითაა აღჭურვილი.
სომხების განაწყენება ამ შემთხვევაში საფუძვლიანი იქნება და უცილობლად მივა საქართველოს რეგიონში ჯავახეთში სერიოზულ პრობლემებამდე, სადაც ოდითგანვე სახლობენ სომხები. ჯავახეთიდან ისედაც ხომ გამუდმებით ისმის ავტონომიის, ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნები. ადვილი შესაძლებელი წარმოიდგინო თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ამ მოთხოვნებს უკვე მხარდაჭერა სომხეთიდან ექნება.
საქართველოს სომხებთან პრობლემას ზედ დაემატება საქართველოს აზერბაიჯანელების პრობლემაც, რომლებიც ბორჩალოში - საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე სახლობენ, იქ მოსახლე აზერბაიჯანელების რაოდენობა 50 დან 80 პროცენტამდეა.
2008 წლის აგვისტომდე ისინი საქართველოს ხელისუფლებისაგან მხოლოდ ეკონომიკურ თანასწორუფლებიანობასა და აზერბაიჯანული ენისათვის რეგიონალური სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი ძირეული გარდატეხა მოხდა და ახლა უკვე მათ ძირითად მოთხოვნებს ბორჩალოსათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებაც დაემატა.
მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში სიტუაცია ჯავახეთსა და ბორჩალოში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის გზას დაადგება.
ამას გარდა, ნაკლებსავარაუდოა, რომ თავად საქართველოს შიგნით კარგად იქნეს აღთქმული აქტიური მცდელობები დამეგობრებისა იმათთან ვინც 1992-93 წწ აფხაზეთის მხარეს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. მაშინ აფხაზურ მხარეს ძალიან აქტიურად ეხმარებოდნენ ჩერქეზი მოხალისეები. ამგვარი განხეთქილება ოპოზიციის გაძლიერებისათვის ყველა წინაპირობას შექმნის.
და კიდევ ერთი, საქართველო სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს იმედებს "რუსეთთან მოლაპარაკების" შესახებ რა თემაც არ უნდა იყოს ეს. ამასთან ერთად ასევე გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ უფრო გამკაცრდეს რუსეთის მხრიდან "საქართველოს პრობლემის" გადაჭრის შანსი.