28 ივლისის ღამეს, რუსეთის ძალებმა კვლავ შეუტიეს კიევს მოიერიშე დრონებით. დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს.
„ამ დროისთვის დარნიცკის რაიონში უკვე რვა დაშავებულია. მათ შორის ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა,“ - წერს ტკაჩენკო.
მისივე ცნობებით, დაშავებულებს შორის სამი წლის ბავშვია, რომელსაც ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აქვს. ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტკაჩენკოს თქმით, დარნიცკის რაიონში, მტრის თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაში ფანჯრები ჩაიმსხვრა.
ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად გაჩერებული ავტომობილები.