დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამ კვირაში ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო მთავრობის წევრების საზაფხულო შვებულების შემცირებას და საგანგებო სხდომის მოწვევას გეგმავს. იუწყება The Guardian
გამოცემის ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, სტარმერი ვესტმინსტერში მთავრობის საგანგებო სხდომას იწვევს.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი შეშფოთებულია სიტუაციით და შოკირებულია ბავშვების შიმშილის, სასოწარკვეთისა და ტანჯვის ამსახველი კადრებით, რის გამოც მან კაბინეტის სხდომა მოიწვია.
მთავრობა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად ახალ ნაბიჯებს, თუმცა გეგმის დეტალები უცნობია.
ღაზაში შექმნილი ვითარების გამო საერთაშორისო აღშფოთების ფონზე, სტარმერი მოუწოდებს ტრამპს, ორშაბათს, 28 ივლისს, შოტლანდიაში დაგეგმილ შეხვედრაზე გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელის მთავრობაზე, რათა ხელი შეუწყოს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.
ყველა პარტიის პარლამენტის წევრები მოუწოდებენ სტარმერს, გამოიყენოს ტრამპთან მოლაპარაკებები, როგორც შესაძლებლობა, რათა მოითხოვოს აშშ-ს უფრო მკაცრი პოზიცია ისრაელის მიმართ ჰუმანიტარული დახმარებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებში.
„ნეთანიაჰუ მხოლოდ ტრამპს უსმენს - და არა ყოველთვის. თუმცა, ვიღაც უნდა ესაუბროს ისრაელელებს, მის [ტრამპის] გარეშე ამ საშინელ სიტუაციაში არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ემილი თორნბერიმ, The Guardian-თან კომენტარში.