ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბალტიის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ჩეხეთი ნატო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
შეკითხვაზე, ემზადება თუ არა პრაღა რუსეთის მხრიდან ნატო-ს წინააღმდეგ შესაძლო მოქმედებებისთვის, ბაბიშმა განაცხადა, რომ ჩეხეთის ხელისუფლება უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მუშაობს, მათ შორის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთად.
„ის, რომ ამაზე არ ვსაუბრობთ და ჟურნალისტები სტატიებისთვის მასალას ვერ იღებენ, არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე არ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ვემზადებით. თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთი ბალტიის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება, მაშინ, მეხუთე მუხლის შესაბამისად, ჩვენ ორი მექანიზებული ბრიგადა უნდა გავგზავნოთ“, - განაცხადა ბაბიშმა.
ნატო-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.
ბაბიშის თქმით, ჩეხეთის ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ და შესაძლო სცენარებისთვის ემზადებიან.
ევროპის რამდენიმე ქვეყნის მთავრობები და სადაზვერვო უწყებები აცხადებენ, რომ იზრდება შეშფოთება რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების, მათ შორის დივერსიებისა და შესაძლო შეზღუდული სამხედრო მოქმედებების გამო.
ბაბიშმა მიმდინარე თვეში ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ჩეხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის მსგავს ბრალდებებს უარყოფს.