არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს და ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს.
„არჩილ ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ვაჟკაცობის, თავდადების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითს წარმოადგენდა. მისი წამება და სიკვდილი არის დემონსტრირება, ხმამაღალი შეძახილი მსოფლიოს გასაგონად თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში და სიმბოლო იმისა, თუ რა სიბოროტესთან გვაქვს საქმე. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის და ოჯახის ტრაგედია, ეს ტრაგედია თავისი შინაარსით და ემოციითაც მთელი საქართველოს ტრაგედიაა და უფრო მეტიც, იგი მთელი მსოფლიოსთვის დამაფიქრებელი ფაქტია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„ის ყოველდღიურობა, რაშიც ჩვენ გვიწევს ყოფნა არის უმძიმესი, მაგრამ ყველასათვის ნათელია ის, რომ უკვალოდ არაფერი არ ჩაივლის. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, ერთიანი და ზუსტად ასეთი ვაჟკაცების მაგალითზე იქნება ჩვენი ნათელი მომავალი. ჩვენ გვაქვს პატივი მიუსამძიმროთ ჩვენს თავსაც, ქვეყანასაც და მის ოჯახსაც", - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.
არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლის 22 თებერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავა. ქართველი გმირი ცხინვალის ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა.