არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა; ქართული სახელმწიფო სწორედ მისნაირ გმირებზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. ერთი წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლა. სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე, როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს. ჩვენ სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო შევქმენით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და ამ სიაში შეყვანილ ბრალდებულ პირებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ეს სია და ვფიქრობ, 2019 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ყველა მექანიზმს ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო აუცილებლად დააყენებს მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები გამოვრიცხოთ. ეს იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ქართული სახელმწიფო დგას არჩილისნაირ გმირებზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის მშობლებს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
მთავრობის მეთაური მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.