სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო რუსულ თაფლს აღარ შეიძენს. ამის მიზეზი შემსყიდველი კომპანიის მიერ წარმოდგენილი თაფლის ნიმუშის დაწუნება გახდა. ინფორმაციას შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარია შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერზე, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა რამდენიმე სახელმწიფო უწყებისთვის თაფლი უნდა შეესყიდათ. ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა კომპანიამ, რომელსაც რუსული კომპანიისგან შეძენილი თაფლი უნდა მიეწოდებინა უწყებებისთვის. საზოგადოებაში აღნიშნულმა ფაქტმა უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.