„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ირაკლი აბუსერიძე, ვაზისუბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის მე-19 და 21-ე კორპუსების ირგვლივ, საგზაო სამუშაოები ტარდება. კორპუსების ეზოების მოასფალტებისთვის დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. 700 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე დაგეგმილია ბორდიურებისა და ტროტუარის მოწყობა, რომლის შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, ვაზისუბნის II მიკრორაიონის მე-11 კორპუსის მიმდებარედ, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გამოყოფილი.
„ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თითოეული პროექტის განხორციელება ხდება მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საჯარო დისკუსიების საფუძველზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და მოქალაქეთა ჩართულობას,“ - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.