„დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ეკლესიის სახელით, ერის სახელით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე, 23 დეკემბერს შედგა წმინდა სინოდის კრება და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლის, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს ის აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი“, - განაცხადა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
23 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატრიარქად არჩევის დღეა.
1977 წლის 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II.