ქედაში, კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯია" ახორციელებდა. სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე.
"კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად, 2012 წელს დაბადებულ გ.ო.- ს ქვა მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგედიის გამო", განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.