თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ადგილი ჰქონდა აღსაზრდელთა ჰოსპიტალიზაციის ფაქტს, 3 აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. პატარებს აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება.
„მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად.
ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი -საკვები თუ ვირუსული ინფექცია“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.