მედეა ამირანაშვილი დღეს 88 წლის გახდა. ცნობილი ქართველი მომღერალი (ლირიკული სოპრანო), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა.
მან 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ს. ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგ ამ თეატრის წამყვანი სოლისტია და ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია“), ლელა (ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი„), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“ და „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“ და „ტრავიატა“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვა. ამირანაშვილისთვის დამახასიათებელია ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა.