ზურაბ ხიზანიშვილი დღეს 37 წლის გახდა. ცნობილი ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი 1981 წლის 6 ოქტომბერს დაიბადა. ზურაბ ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ გადავიდა. დანდიში ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „რეინჯერსში“. იყო ინგლისური კლუბ „ბლექბერნ როვერსის“, „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და „რედინგის“ წევრი. თურქულ „ქაისერისფორში“ თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ „სამტრედიაში“ განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.