კეიტ უინსლეტი 43 წლის გახდა. ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, ინგლისელი მსახიობი კეიტ ელიზაბეთ უინსლეტი 1975 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა.
ის სხვადასხვა დროს 6-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. დაჯილდოებულია კინომსახიობთა გილდიის, ბრიტანული კინოაკადემიის, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის პრემიებით; აგრეთვე 2-ჯერ იყო ნომინირებული ემის პრემიაზე და 3-ჯერ ოქროს გლობუსზე.
უინსლეტი პატარა ასაკიდანვე დაეუფლა დრამას. კარიერა დაიწყო 1991 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ ტელესერიალში. კინო დებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ზეციური არსებები“, რის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა უინსლეტის შემოქმედება დადებითად შეაფასეს. შემდეგ იყო ფილმები „გრძნობა და გონება“ და „ტიტანიკი“. ეს უკანასკნელი იქცა უინსლეტის კარიერაში ყველაზე უხვშემოსავლიან კინოდ.
2000 წლიდან მოყოლებული უინსლეტის კინოშემოქმედებას კინოკრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ. ამ პერიოდში აღსანიშნავია შესრულებული როლები ფილმებში: „მარკიზ დე სადის კალამი“ (2000), „აირისი“ (2001), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004), „ჯადოსნური ქვეყანა“ (2004), „პატარა ბავშვები“ (2006), „მკითხველი“ (2008), „რევოლუციური გზა“(2008). უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ New York Magazine-ის ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა დევიდ ედელშტეინმა აღნიშნა:
„კეიტ უინსლეტი არის მისივე თაობის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე საუკეთესო მსახიობი.“
კომერციული თვალსაზრისით უინსლეტის წარმატებული ნამუშევრებია რომანტიკული კომედია „შვებულება გადაცვლით“ და ანიმაციური ფილმი „ჩარეცხილი“ (ორივე 2006). ამ უკანასკნელში ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს.