საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი საქართველოს კულტურის დღეებს უმასპინძლებს.
კულტურის დღეების ფარგლებში, მოეწყობა ქართული ფილმების ჩვენება, გამოიფინება ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები, გაიმართება „თბილისობის“ ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ჯგუფები, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო, ჩატარდება ქართული ცეკვისა და სამზარეულოს მასტერკლასები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის" კონცერტი.
მინსკში საქართველოს კულტურის დღეების ორგანიზატორია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 16-17 ნოემბერს, ქ. თბილისში, საქართველოში საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა ბელარუსის კულტურის დღეები, რომლის ფარგლებში, საქართველოს ეწვია 60 კაციანი დელეგაცია, მათ შორის, ბელარუსის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლების, ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრისა და ეროვნული ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლები.
პროგრამა:
31 აგვისტო - ქართული ფილმების ჩვენება; ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საექსპოზიციო მასალის გამოფენა, ბელარუსში მოღვაწე ქართველი მხატვრის ლეონიდ დანელიას ნამუშევრების ექსპოზიცია;
1 სექტემბერი - მინსკის ცენტრში, ძველ ქალაქში "თბილისობის" ფესტივალი; მონაწილეობენ ქართული ხალხური ცეკვისა და საიმღერის ჯგუფები; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო, ჩატარდება ქართული ცეკვისა და სამზარეულოს მასტერკლასები, 100 წლისთავისადმი მიძღვნილი თემატური ფოტო და საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმომჩენი მასალები;
2 სექტემბერი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "ერისიონი" კონცერტი.