შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.
როგორც მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი 6 543-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.
"1 000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება”,- განაცხადა მიმინოშვილმა.