ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შაბათს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვიეტნამის ომის გმირი მაკკეინი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი იყო. მას არაერთხელ გაუკეთებია საქართველოს მხარდამჭერი განცხადება და არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი საქართველოში ჩადენილი ქმედებების გამო. გარდა ამისა, ის აშშ-ს კონგრესში ინიცირებული, საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუციის ავტორია.
ჯონ მაკკეინი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს 2008 წელს. მან 12 აგვისტოს განაცხადა, რომ "პატარა ქვეყანა საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას".
„ზოგიერთმა ამერიკელმა შეიძლება იკითხოს, სად მდებარეობს საქართველო, რატომ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია ხშირად კეთდება შორეულ ადგილებში. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც შორსაა ამერიკისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.