საქართველოს ცემენტის ინდუსტრია (და შესაძლოა ჩვენი ეკონომიკის სხვა სექტორებიც) პირდაპირი და აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა ირანის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებულმა „დემპინგმა“, აცხადებენ „საქართველოს ცემენტის ასოციაციაციაში.
მათი ინფორმაციით, მაისში განხორციელებულმა ცემენტის იმპორტმა საქართველოს ბაზრის დაახლოებით 2-3% შეადგინა, ივნისში კი - 11%-მდე გაიზარდა, თუმცა, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იქნებოდა, ირანული ცემენტის ყველა პარტიას შესაბამისი უტყუარი წარმოშობის სერტიფიკატი რომ ჰქონოდა. საქართველოს ბაზარმა უკვე ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო, ხოლო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.
„თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება და არ იქნება მიღებული ქმედითი ზომები, საქართველოში შეიძლება სრულიად გაქრეს ცემენტის ინდუსტრია, შესაბამის სამუშაო ადგილებთან ერთად.
მოვლენების ამგვარად განვითარების მიზეზი აშკარაა: ამჟამად საქართველოს ბაზარზე ცემენტის მოთხოვნა წელიწადში 2 მილიონ ტონას აღემატება. ირანის ცემენტის წარმოება კი საკუთარი ბაზრის შიდა მოთხოვნას 40 მილიონი ტონით აჭარბებს. როგორც თანდართული სტატიებიდან ირკვევა, ჭარბი ცემენტის სარეალიზაციოდ ირანი გეგმავს ექსპორტზე გაიტანოს მაქსიმალურად დიდი ოდენობის ცემენტი, ისეთ შორეულ წერტილებშიც კი როგორიცაა აფრიკის ქვეყნები და ამისთვის ირანის ხელისუფლება მწარმოებლებს ხელს უწყობს ტრანსპორტირებასთან და ენერგომატებლებთან დაკავშირებული სუბსიდიებით, რომლის ოდენობაც წლიურად 285 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
შესაბამისად, ირანელი მწარმოებლებისთვის ზღვაში წვეთია საქართველოს ბაზრის ათვისება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ირანთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და ტრანსპორტირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თანდართული სატრანსპორტო ზედნადების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე 16 აშშ დოლარად მიწოდებული ტონა კლინკერის ღირებულებიდან გამყიდველის ქარხანაში სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 8 აშშ დოლარს შეადგენს. ეს არის საოცრად დაბალი ფასი, რომელსაც მშრალი ცემენტის ყველაზე მაღალტექნოლოგიური საწარმოც კი ვერ შესთავაზებს მომხმარებელს.
დემპინგის ამ აგრესიულმა ფორმამ შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველოში შემოტანილი კლინკერის ფასმა მიწოდების და დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით ტონაზე 120 ლარს მიაღწია, რაც 25-35 ლარით ნაკლებია ადგილობრივ ფასთან შედარებით. უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ირანული შეფუთული ცემენტი, რომელის სარეალიზაციო ფასიც ადგილობრივი წარმოების შეფუთულ ცემენტთან შედარებით 30%-35%-ით ნაკლებია.
თუ ირანი გადაწყვეტს, რომ მყარი ვალუტის მოსაპოვებლად ნებისმიერი ხარჯით და ნებისმიერ ფასად განახორციელოს ექსპორტი, აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებას ხელს არაფერი შეუშლის, ირანის მიერ გაყიდული ცემენტის ფასი თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ნებისმიერ ადგილობრივ პროდუქტს. რა თქმა უნდა მათ აღარ ექნებათ არანაირი მოტივაცია, რომ გრძელვადიან პერიოდში გააგრძელონ საქართველოში ცემენტის მწარმოებლებისთვის კლინკერის მიყიდვა, როდესაც შეუძლიათ მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ უშუალოდ ცემენტის რეალიზაციით. ამგვარ სტრატეგიას კასპში ჰაიდელბერგცემენტის მიერ აშენებული ახალი, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საწარმოც კი ვერ გაუწევს კონკურენციას და ვერც მოგებას მიიღებს. შედეგად ყველა სამუშაო ადგილი ცემენტის სექტორიდან გადაინაცვლებს ირანში, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება როგორც ქართული ეკონომიკისათვის ისე შრომის ბაზრისთვის.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება და მინისტრათა კაბინეტი, რომელიც ფორმირების პროცესშია ჯერ არ არის მზად გადაწყვიტოს დემპინგის საკითხი, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდხანს და შეუზღუდავად განხორციელდება ირანული ცემენტის და კლინკერის შეუფერხებელი იმპორტი, მით უფრო მძიმედ აისახება ეს ქართულ ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილებზე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჰაიდელბერგცემენტი, „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აპირებს რუსთავის ქარხნის ღუმელის გათიშვას და წყვეტს მოპოვებით სამუშაოებს დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე, რის გამოც იძულებულია დაითხოვოს ასობით თანამშრომელი (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჰაიდელბერგცემენტს პირდაპირი წესით 1,300 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, მაგრამ არაპირდაპირი დასაქმების წესით ქმნის 5,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს). ანალოგიური სცენარი განვითარდება სხვა, ცემენტის მცირე საწარმოებთან მიმართებაშიც.
დროა საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება. თუ არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები დემპინგური საქმიანობის წინააღმდეგ საქართველო სამუდამოდ მოექცევა მის სიახლოვეს მდებარე დიდი მწარმოებლების ზეგავლენის ქვეშ, რომელთაც შეუძლიათ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად უზრუნველყონ საკუთარი ჭარბი პროდუქციის რეალიზება ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს აქვს მრავალი შესაძლებლობა თავი დაიცვას ნებისმიერი ქვეყნიდან მომავალი უსამართლო კონკურენციისგან. ეს საშუალებები შესაბამისობაშია მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონკურენციის სხვა აპრობირებულ მეთოდებთან. ამიტომ გაუგებარია, თუ რატომ არ იღებს საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხისა და ეკონომიკისთვის ესოდენ აუცილებელ ზომებს?
უმორჩილესად გთხოვთ უმოკლეს ვადაში განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები :
- ირანული ცემენტის და კლინკერის იმპორტთან მიმართებაში გატარებულ იქნას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების ანალოგიური წინასწარი სავაჭრო დაცვითი ღონისძიებები, რათა ამ პერიოდის განმავლობაში დადგინდეს ხდება თუ არა იმპორტის მიერ დემპინგის შესახებ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა.
- ინიცირებულ იქნას ფართომასშტაბიანი გამოძიება ამგვარი დემპინგით ფულის გათეთრების და მასში ჩართული მხარეების გამოსავლენად.
- განისაზღვროს თუ რა ზეგავლენას მოახდენს ამგვარ იმპორტზე საერთაშორისო სანქციების დაწესება. „მაზანდარანის“ ცემენტის ქარხანა „ბანკ მელის“ ერთპიროვნულ საკუთრებაშია და აქვს გარკვეული კავშირები ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ჩვენთვის უცნობია, თუ ვინ აკონტროლებს საწარმო „ესპანდარს“, მაგრამ ისინიც აშკარაა, რომ მთავრობის საექსპორტო სუბსიდიების პროგრამის ბენეფიციარები არიან.
- ინიცირებულ და მიღებულ იქნას სათანადო საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისოდ გამოცდილი მეთოდების შესაბამისი სავაჭრო გადაწყვეტილებების სრულად განხორციელების მიზნით, სახელდობრ - ანტიდემპინგური კანონი, კანონი სავაჭრო დაცვითი ღონისძიებების შესახებ და სხვა აუცილებელი საკანონმდებლო აქტები, რაც 2014 წელს იქნა შედგენილი მაშინდელი ანალოგიური ვითარების საპასუხოდ, თუმცა შემდგომი მსვლელობა და საპარლამენტო განხილვა აღარ მოჰყოლია. განისაზღვროს სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც დაევალება არაკანონიერი სავაჭრო ქმედებების გამოვლენა და მათზე რეაგირება.
- ადმინისტრაციული განკარგულებით დაუყოვნებლივ დაწესდეს დროებითი გადასახადი 70-დან 300 აშშ დოლარამდე ერთ ტონაზე (მეზობელი ქვეყნების მსგავსად) კლინკერისა და ცემენტის იმპორტზე, ვიდრე არ იქნება მიღებული ანტი-დემპინგური კანონი.
- დაიწყოს ხარისხის კონტროლი საზღვარზე რათა გარანტირებულ იქნეს იმპორტირებული პროდუქციის შესაბამისობა იმპორტის დოკუმენტაციაში გაცხადებულთან მიმართებაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქციას ჰქონდა ისეთი მახასიათებლები, რაც გამოუსადეგარს ხდიდა მას კომერციული მიზნებისთვის. პროდუქციის შემოწმებას, მისი რეალური ხარისხის განსაზღვრის მიზნით შესაძლოა დასჭირდეს 28 დღიანი პერიოდი, ასეთია ცემენტის ლაბორატორიული კვლევის წესი.
თუ სასწრაფოდ არ მივიღებთ ზომებს, ძალიან მძიმე და გრძელვადიანი ზიანი მიადგება ქართულ ინდუსტრიას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მზად ვართ ყველანაირი საშუალებით ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან ხსენებული პრობლემის სამართლიანი, გრძელვადიანი და ქმედითი გადაწყვეტის შესამუშავებლად“, აცხადებს საქართევლოს ცემენტის ასოციაციის პრეზიდენტი.