„ოპოზიციის ალიანსს“ ნათქვამი აქვს, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ასევე ალტერნატივის შეთავაზება, ბრიტანეთის ელჩთან დღევანდელი შეხვედრა ამ მიმართულებითაც წარმატებული იყო. დიახ, ჩვენ ვართ ალტერნატივაც, – ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმით, შეხვედრის ინიციატორი ბრიტანეთის საელჩო იყო.
„ინიციატივა იყო საელჩოს მხრიდან. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ეს არ არის მხოლოდ პროტესტი, თუმცა უპირობოდ პროტესტიც არის და ასევე – როგორ გავაგრძელოთ ქვეყნის წინ წაყვანა, გავაგრძელოთ მას მერე, რაც ეს ხელისუფლება არ იქნება. ამ წუთში ქვეყანა წინ კი არ მიდის, გაჩერებულიც კი არ არის ერთ ადგილზე, მიდის ყოველდღიურად უკან“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციები ყველაზე ქმედითი გამოდგა.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთი იმ თვალსაზრისით, რომ მისი სანქციები ყველაზე ქმედითი გამოდგა და შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გვარამიამ.