„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებსა და ბრიტანეთის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებმა „ტვ პირველთან“ განაცხადეს, აპირებენ, ელჩს ალიანსის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია და ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების მიზანმიმართული დახმარება ითხოვონ.
„ვაპირებთ ავუხსნათ, რომ ალიანსის ამოცანა მხოლოდ რეჟიმის დამარცხება არ არის, ალიანსის ამოცანა არის დემოკრატიაში საზოგადოების რწმენის აღდგენა და სწორედ ამიტომ ჩვენი თავებიდან ვიწყებთ. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი. მეორე არის ის, როგორ ვაპირებთ რეჟიმის დამარცხებას და რა არის ჩვენი გამარჯვების გზა და კონკრეტულად რას ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ გზაზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ქვეყანაში რუსეთის მარცხს და საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ენმ-ის წევრი გია ბარამიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს საქართველოს პარტნიორებთან ქვეყნის დემოკრატიული კურსის დასაბრუნებლად.
საქართველოს ყველა მეგობარს ვესაუბრებით, როგორ გადავარჩინოთ საქართველო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისგან, რომელსაც საქართველო მიჰყავს იზოლაციისკენ, მიჰყავს რუსეთისკენ. დიდი ბრიტანეთი ისევე, როგორც საქართველოს სხვა მეგობრები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული, გამთლიანებული, აყვავებული ქვეყანა და არ უჭერს მხარს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, - ამბობს ენმ-ს წევრი გია ბარამიძე.
ოპოზიციურ ალიანსში ამბობენ, რომ გეგმაში აქვთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.