საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ავრცელებს.
მათი ცნობით, გუშინ, 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება-1920 მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
"ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.