ერთიანი ეროვნული გამოცდებისას კონდენციონერის მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არსებობა არათუ არალოგიკური, არამედ ძალიან ცუდი გარემოებაა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფაქტი ჟურნალისტების მიერ ამ ტემაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი და მისი უმოკლეს ვადებში მოგვარების გზები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დადგება.
„ეს არის საკითხი, რომლის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი, რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი გარემოება, რომელიც ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.