სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთმა გააუქმა 2009 წელს შემუშავებული ორი პროტოკოლი, რომლებიც მიზნად ისახავდა ურთიერთობის ნორმალიზებას თურქეთთან.
,,პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა კავშირების მოწესრიგების შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა, და ამ ნაბიჯის დეტალები ახლო მომავალში გამოქვეყნდება საჯაროდ”, - განაცხადა პრესმდივანმა ვლადიმირ ჰაკობიანმა.
ადგილობრივი მედია მანამდე ავრცელებდა ცნობას, რომ სარქისიანი მზად იყო ახალი მოლაპარაკებისთვის ურთიერთობის მოსაგვარებლად, ოღონდ "ახალი პირობების გათვალისწინებით".
სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2009 წლის ოქტომბერში, ციურიხში. ორ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებდა ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებას და საერთო საზღვრის გახსნას. თუმცა, შეთანხმების რატიფიკაცია არც ერთი ქვეყნის პარლამენტს არ მოუხდენია.
2015 წლის თებერვალში სარქისიანმა პარლამენტის სპიკერს სთხოვა პროტოკოლები მისთვის დაებრუნებინა, რადგან, მისი თქმით, "თურქეთის მთავრობას არ აქვს პოლიტიკური ნება, ის ცვლის პროტოკოლების სულისკვეთებას .. და განაგრძობს პირობების წამოყენების პოლიტიკას".
2017 წლის სექტემბერში სარქისიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეას უთხრა, სომხეთი ამ პროტოკოლებს გაუქმებულად გამოაცხადებს.