ბორჯომის საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომაა.
”მთავარი მიზანი და მოთხოვნაა, რომ ზაზა ჩაჩანიძე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მას არ აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი დადგენილებას. თუ ხელს არ მოაწერს, ჩვენ სასამართლოში ვიჩივლებთ, რადგანაც საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე შედგა კვორუმი. სხდომას ვესწრებოდით ”ქართული ოცნების” 13 და ”პატრიოტთა ალიანსის” 4 დეპუტატი, შესაბამისად სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა”, - განაცხადა საკრებულოს წევრმა ”ქართული ოცნებიდან” ლევან ლონდარიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს უმრავლესობას მერიის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელფასის 900 ლარით, ხოლო მერიის სამსახურების უფროსებისთვის 450 ლარით გაზრდას. 28 თებერვალს საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დღეს მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცავები დილიდან არიან მობილიზებული.
დღესვე, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ ხელფასების მომატების საკითხს იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩაითვლება. მისივე თქმით, თუ გაირკვა, რომ გუშინ, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა მოხდა წესების დარღვევით, ხელფასების მატების საკითხს ხელს არ მოაწერს.
ცოტა ხნის წინ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მზადაა უარი თქვას საკუთარ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე.