ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მრავალშვილიანის სტატუსი მიენიჭებათ. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს.
“კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1-ელ ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საკითხზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ”, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია.
“კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება”, – აღნიშნა ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები 300 000 იქნება.