ვირჯინიის შტატში, არლინგტონის „Fort Myer-Henderson“-ის სამხედრო ბაზის ადმინისტრაციულ შენობაში 11 ადამიანმა თავი ცუდად იგრძნო, მას შემდეგ, რაც საეჭვო წერილი გახსნა.
შედეგად საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს. ამჯერად მათი მდგომარეობა სტაბილურია. წერილის გახსნის შემდეგ ბაზის რამდენიმე თანამშრომელს ხელებზე და სახეზე წვის შეგრძნება ჰქონდათ, ერთ მათგანს ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მოხდა შენობიდან ხალხის ევაკუაცია. ამ დროისთვის საქმეს პოლიცია იძიებს.
შეგახსენებთ, რომ ეს არაა საეჭვო ფხვნილით სავსე კონვერტების გავრცელების პირველი შემთხვევა. 15 თებერვალს მსგავსი კონვერტები მიიღო ათზე მეტმა სხვა ქვეყნის საელჩომ მოსკოვში. თეთრი ფხვნილი ასევე გაუგზავნეს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟსაც, თუმცა კონვერტი პრეზიდენტის რძალმა, ვანესა ტრამპმა გახსნა, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.