„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარნეულში ყოფნის დროს, ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან შეხვედრისას, არ მიიღო მათი წინადადება პატივი ეცა „ხოჯალის გენოციდის“ მსხვერპლთა ხსოვნისადმი და განაცხადა, რომ თბილისი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის წინააღმდეგია“, - ამის შესახებ სომხური გამოცემა «Lragir» წერს.
როგორც სტატიის ავტორი, აკოფ ბადალიანი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფრაგმენტია როგორც თბილის-ერევნის, ასევე თბილის-ბაქოს ურთიერთობებში, ასევე რეგიონული პოლიტიკის კონსტექსტში.
„სომხური წრეები დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საქართველოს ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობით აზერბაიჯან-თურქეთთან და თურქულ-აზერბაიჯანული ინვესტიციების მატებით ქართულ ეკონომიკაში. ამაში განსაკუთრებით ინტენსიურად ადანაშაულებენ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ცხადია, რომ სომხეთის უკმაყოფილების „ფესვები“ გასაგებია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოკიდებულებას სომხების გენოციდის საკითხისადმი. მაგრამ მეორე მხრივ - საქართველოს არ შეუძლია სომხების ემოციებით და მათი ინტერესებით იხელმძღვანელოს: დროა სომხეთმა ეს გააცნობიეროს. (...)
თბილისს კარგად ესმის საკუთარი ინტერესები და ის მიჯნა, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანულ ინვესტიციებსა და საქართველოს უსაფრთხოებაზე გადის.
საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ეს მიჯნა დაიცვა და აჩვენა, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან [მჭიდრო] ურთიერთობის მიუხედავად, თბილისს მაინც არ სურს მათი პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდეს. ის, რომ პრეზიდენტი არ დაეთანხმა აზერბაიჯანელთა წინადადებას, ისეთი ჟესტია, რომელიც სომხური მხარისკენაა გაგზავნილი და რომელშიც მკაფიოდ ჩანს თბილისის პოზიცია სტრატეგიული უსაფრთხოების ამოცანების მიმართ.
ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ხდება სომხეთში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტის შემდეგ: სერჟ სარგსიანთან შეხვედრის დროს ქართველმა მინისტრმა „სასაზღვრო რაიონებში თავისებურ გამოწვევებზე“ ისაუბრა. ამ ფონზე გიორგი მარგველაშვილის ჟესტი სომხურ-ქართული ნდობის გამოხატულებას წარმოადგენს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სწორედ ქართულ-სომხურ ნდობითაა განპირობებული რეგიონული უსაფრთხოება და მისი პერსპექტივა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ცნობისთვის, 1992 წელს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის დახმარებით, აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალის ოკუპაცია მოახდინეს, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელების უმრავლესობა ცხოვრობდა.
აზერბაიჯანი მომხდარს როგორც მისი მოქალაქეების გენოციდს უწოდებს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, აღიაროს სომხების მიერ ასობით აზერბაიჯანელის გენოციდი.