თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ექსტარდირების საკითხით დაინტერესდა, კერძოდ მიმართა თუ არა ქართულმა მხარემ პოლონეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის მთავრობებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით.
,,თუ არ მიმართეთ, მაშინ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გამახსენდა, რომ ივანიშვილს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ეშინია და მის გადმოცემას ვერ ითხოვთ'”, – მიმართა წულუკიანს ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს მივლინებებთან და ხარჯებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დასვას.
..თქვენ იყავით, ვის დროსაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელებოდა. საშუალებას არ მოგცემთ, რომ სპექტაკლი დადგათ”, – მიმართა კვაჭანტირაძემ ბოკუჩავას.
ხმაური გამოიწვია ასევე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ანა სუბელიანის დარბაზში დასმულ კითხვას, მისი გათავისუფლების შესახებ.
ზვიად კვაჭანტირაძემ სხდომის მონაწილეებს წესრიგისკენ მოუწოდა, ანა სუბელიანს კი განუმარტა, რომ მისთვის საინტერესო საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა. კვაჭანტირაზემ ასევე განაცხადა, რომ თუკი სუბელიანი საუბარს გააგრძელებდა, მას დარბაზს დაატოვებინებდნენ.