“მაიდნიდან ოთხი წლის შემდეგ უკრაინელებს პრეზიდენტის მიმართ იმედები ძალიან გაუცრუვდათ. მათ კითხვა ებადებათ - სურს თუ არა პეტრო პოროშენკოს საერთოდ ქვეყნის რეფორმირება თუ მას მხოლოდ ფული აინტერესებს? თუ რეფორმების გატარება არ უნდა, მაშ რა უნდა? ამ კითხვებზე სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ. გააჩნია, ვინ ვის ეკითხება”, - ასე იწყებს გერმანული გამოცემა Spiegel Daily-ის ჟურნალისტი, ქრისტიან ეში სტატიას სათაურით - პეტრო ინკოგნიტო // მიხეილ სააკაშვილმა საქართველო შეცვალა, მაგრამ სურს თუ არა პეტრო პოროშენკოს უკრაინის რეფორმირება?
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, უკრაინის მოქალაქეობის არმქონე პოლიტიკოსი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ პეტრო პოროშენკოს ფული უნდა, მას მეტი არაფერი აინტერესებს.
„იგი პეტრო პოროშენკოს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან იცნობს - ორივე გვიან საბჭოურ პერიოდში კიევის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. პეტრო პოროშენკოს, რომლის მამა მოლდოვაში, ქალაქ ბენდერში არსებული ქარხნის დირექტორი იყო, ბიზნესი სტუდენტობის დროსაც აინტერესებდა. „მას ჯიბე ყოველთვის ფულით ჰქონდა გამოტენილი და მეგობრებსაც ფულის მიხედვით არჩევდა. ამიტომაც არა მგონია, იგი მე თავის მეგობრად მთვლიდა““, - ასე ამბობს დღეს მიხეილ სააკაშვილი.
კიევის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ მათი გზები გაიყარა, თუმცა გარკვეულ კონტაქტებს ინარჩუნებდნენ. პეტრო პოროშენკომ შოკოლადის წარმოების მსხვილი კონცერნი დააფუძნა, პარალელურად კი პოლიტიკაშიც ჩაება. ეს ტიპიური მოვლენა იყო უკრაინისათვის პოსტსაბჭოური წლების დასაწყისში - ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფო სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა მილიარდერთა ერთობლივ საწარმოს. არაფერი არ შეცვლილა 2004 წლის ნარინჯის რევოლუციის შემდეგაც, რომელსაც პეტრო პოროშენკო მხარს უჭერდა საკუთარი ტელეკომპანიით.
აი, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი საქართველოს ხელისუფლებაში 2004 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა და ნამდვილი რეფორმატორი გახდა. ამიტომაც 10 წლის შემდეგ მან პეტრო პოროშენკოს თავისი დახმარება შესთავაზა უკრაინის უფრო მაღალ დონეზე განვითარების მიზნით. პრეზიდენტმა იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა და ამ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქში წესრიგის დამყარება დაავალა. „პეტრომ კი დამნიშნა, მაგრამ თან შეზღუდვებიც მოაყოლა. მითხრა, რომ ხელი არ მეხლო ადგილობრივი პოლიციის უფროსისათვის, რომელიც ოდესის მსხვილ ბაზარს აკონტროლებდა - „ჩემი კაცია და თავი დაანებეო“. აი, სწორედ მაშინ გავიგე, თუ რა ამოძრავებდა პეტრო პოროშენკოს: მისი მთავარი მიზანი მხოლოდ ფული იყო, რეფორმები კი მხოლოდ პიარი“.
დღეს ორივე პოლიტიკოსი ერთმანეთისათვის დაუძინებელ მტრებად იქცნენ. მიხეილ სააკაშვილი ბოლო დრომდე კიევში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აწყობდა პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით, კარვებიც დასცა, მაგრამ უშედეგოდ. მისი აქციები შედარებით მცირერიცხოვანი იყო: კიეველებს ახალი რევოლუცია არ სურთ, მათი მთავარი საზრუნავია როგორმე თავი ირჩინონ. სამაგიეროდ, პეტრო პოროშენკომ თავის ნამეგობრალ და ნაგუბერნატორალ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა...
ალბათ, მიამიტობა იქნება დავიჯეროთ, რომ მილიარდერი პრეზიდენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს. პეტრო პოროშენკოს ხომ კორუმპირებული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა“... ვკითხულობთ სტატიაში.