შვედეთის საიმიგრაციო სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანამ თავშესაფარი საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მისცა. სტატისტიკის მონაცემებით, გასულ წელს საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს 963 მოქალაქის მიმართვა განიხილა.
შარშან შვედეთში თავშესაფარი სულ საქართველოს 1105 მოქალაქემ მოითხოვა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ.
რაც შეეხება 2016 წელს, 738 მიმართვა დაფიქსირდა. 1 192 განხილული საქმიდან კი მხოლოდ 16 დაკმაყოფილდა.
შვედეთს 2015 წლის განმავლობაში 163 000-მა მიგრანტმა მიმართა თავშესაფრის თხოვნით. მათგან 55 პროცენტი დაკმაყოფილდა.
შვედეთმა და ისლანდიამ, ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ბრიუსელში გაიმართა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის მატებაზე საკითხი დააყენეს.