„მიხოსათვის პოლონური მარშრუტი კიევის ცენტრში მდებარე ქართულ რესტორან „სულგუნში“ დაიწყო“, - ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხელ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რუსული გამოცემა "რასინსკაია გაზეტა".
როგორც სტატიის (მიხო უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს) ავტორი, პეტრე ლიხომანოვი წერს, მსოფლიოში ცნობილი, მაგრამ მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით იქნა გაძევებული უკრაინის ტერიტორიიდან.
„ორშაბათს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ბოლოს მსოფლიოში ცნობილი, მაგრამ მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით იქნა გაძევებული უკრაინის ტერიტორიიდან. იგი „ბარიგების“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში საწყის წერტილს დაუბრუნდა, მაგრამ უკვე კიევისადმი არამეგობრულად განწყობილ ვარშავაში.
მიხოსათვის პოლონური მარშრუტი კიევის ცენტრში მდებარე ქართულ რესტორან „სულგუნში“ დაიწყო: შენობასთან „ფოლკსვაგენის“ მარკის სამი მიკროავტობუსით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის „სპეცრაზმის“ ჯგუფი მივარდა (არ აგერიოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურის „სპეცრაზმში“, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინათ უსუსურობა გამოიჩინეს!), შეიჭრა რესტორანში, დაცვა გაანეიტრალა, ექს-პრეზიდენტს ჭამა არ აცადა და იგი ყვირილ-ყვირილით გაიყვანა უკანა გასასვლელით.
გუშინ საღამოს მთელი უკრაინა მკითხაობდა: სად წაიყვანეს ქვეყნის პრეზიდენტის ყველაზე მწვავე ოპონენტი და საერთოდ, რას უზამდნენ მიხეილ სააკაშვილს. მისი მომხრეები სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებდნენ - მზადდებაო ან დეპორტაცია, ან საქართველოსადმი ექსტრადიციაო.
საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის ჩარტერული რეისით მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში ჩაიყვანეს. მიხომ ჟურნალისტებს ბრძოლის გაგრძელების სურვილი აცნობა, თუმცა მკვეთრი მოქმედებების გარეშე: „ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე მშვიდი რეაქცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც დღეს გააკეთეს, ეს ფაქტი მათ დამარცხებას ნიშნავს“, - განაცხადა მოღიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო პოლონეთში გაძევებით, რადგან უარესს ელოდა. ამასთან, მან თავის ჩვევას არ უღალატა: პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სულ „ბარიგას“ და „არაკაცს“ უწოდებდა.
ახლა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში გაემგზავრება, რომელიც მისი დეპორტაციის ერთ-ერთ პუნქტად განიხილებოდა: იქ ხომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ცოლი სანდრა და მისი ორი ვაჟი ცხოვრობს“, - წერს ავტორი.