ყაზახეთმა ICAO-ს საავიაციო უშიშროების აუდიტი წარმატებით გაიარა. აღნიშნულის შესახებ საუბარია ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამოგზავნილ წერილში, სადაც ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლება მადლობას უხდის ქართულ მხარეს კონსულტაციების გაწევისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.
საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარებისა და არსებული პრაქტიკის ადგილზე გაცნობის მიზნით, ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში გასული წლის აპრილში იმყოფებოდა. დელეგაციაში ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის, ავიაკომპანია “Air Astana”-ს, ასტანისა და აქტაუს საერთაშორისო აეროპორტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.