ჰოლანდიაში დაადასტურეს მზაობა მიიღონ სააკაშვილი ოჯახის გაერთიანების პროცედურის ფარგლებში,- განაცხადა ТСН-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ. მან ასევე გაიხსენა საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, სადაც მას დაუდასტურეს სააკაშვილის ექსტრადირების სურვილი.
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ მას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის უფლება არ აქვს, მისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. პირველი, ნებაყოფლობითი დაბრუნება მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში. მაგალითად, ჰოლანდია, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ჰოლანდიაში დაადასტურეს მზაობა მიიღონ ის ოჯახის გაერთიანების პროცედურის ფარგლებში. მეორე შესაძლებლობა მოიცავს ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, ანუ პოლონეთში. მესამე ვარიანტი კი საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით მისი საქართველოში ექსტრადირებაა. ექსტრადირებისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე ხანგრძლივი სასამართლო პროცესის გავლა. თუმცა, ჩვენ მივდივართ ამ გზით, ვინაიდან უკრაინამ ხელი მოაწერა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოს წინაშე. ჩემთვის ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს. გულწრფელად გეუბნებით, არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა“, - განაცხადა ლუცენკომ.