„მიხეილ სააკაშვილის დივანური ილუზიები - როგორ გაატარა კორესპონდენტმა საღამო საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, რომელიც ერთდროულად სამი ტელეფონით ლაპარაკობს და ფანტასტიკური წარსული აქვს“, - ამის შესახებ ბელგიური გამოცემა La Libre Belgique წერს.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ექს-პრეზიდენტს რომ დღევანდელ მდგომარეობასა და წინა წლების თავგადასავლებზე ლაპარაკს დაუწყებ, მასში „მიშა“ იღვიძებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ დივანზე მოკალათებული მიხეილ სააკაშვილი, დარწმუნებულია - უკრაინა მის გარეშე წარუმატებელი იქნება.
„იგი სამ ტელეფონს ჟონგლიორივით გამალებული ათამაშებს და ლაპარაკითაა გართული. იმის შემდეგ, რაც კიევის სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯა და შესაბამისად, იგი სახლში 22 საათიდან დილის 7 საათამდე უნდა იყოს, მისთვის სმარტფონები ერთგვარ ჰორიზონტად, თვალთახედვად იქცა. „ბუსავით ფხიზელი ისეთი ადამიანისათვის, როგორიც მე ვარ, ასეთი მდგომარეობის გადატანა ძალიან მძიმეა“, - აღიარებს იგი და ცოტა ხნით ესემესების წერას წყვეტს. კომენდანტის საათი საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის ძალიან ხელშემშლელია. ამას ემატება ისიც, რომ მისი ბედი გაურკვეველია. საქმე იმაში გახლავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ, „სახელმწიფო გადატრიალების მომზადების“ ბრალდებით დაწყებული სასამართლო გარჩევების გარდა, მიხეილ სააკაშვილს მშობლიურ საქართველოში ექსტრადირებაც ემუქრება, სადაც მას თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ, ანუ შეიძლება რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ და საპყრობილეში ჩასვან. არაა გამორიცხული, რომ მისთვის ეს დღეები თავისუფლების უკანასკნელი დღეები აღმოჩნდეს.
ექსტრადიცია
ექს-პრეზიდენტს რომ დღევანდელ მდგომარეობასა და წინა წლების არაჩვეულებრივ თავგადასავლებზე ლაპარაკს დაუწყებ, მასში „მიშა“ იღვიძებს: ეს აქტიური და ზოგჯერ ზომაზე მეტად მოურიდებელი ადამიანი ხელისუფლების მწვერვალზე საქართველოში 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად აღმოჩნდა. მას დიდი ხნის განმავლობაში აქებ-ადიდებდნენ, როგორც დაუცხრომელ რადიკალს და განათლებულ რეფორმატორს, თუმცა 2012 წელს, დემონტრაციის დარბევისა და მასმედიაზე ზეწოლის ბრალდებების ფონზე, მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. „საქართველოს მსგავს ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება ძალის დემონსტრაციის გარეშე შეუძლებელია“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
იგი დარწმუნებულია, რომ თბილისის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სხვა არაფერია, თუ არა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული „პოლიტიკური დევნა“ მის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ექს-პრეზიდენტი ირწმუნება, ეს ყველაფერი ცირკია. ბიძინა ივანიშვილს [სინამდვილეში] ჩემი საქართველოში დაბრუნება არ სურს, რადგან მე თუ იქ ჩავალ, დაიწყება დიდი გამოსვლები, ჩემი მომხრეები საქართველოს მთავრობას დაამხობენ და ისე გამათავისუფლებენ!“. ამ სიტყვების წარმოთქმისას მიხეილ სააკაშვილი ჩაის იმ ფინჯანით სვამს, რომელზეც მისი პორტრეტია გამოსახული.
არადა, ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის ექსტრადირება იმიტომაა რეალური, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშკარად ესწრაფვის ოპოზიციონერის თავიდან მოშორებას. მიხეილ სააკაშვილი თვითონაც ამბობს: „მე მას ოლიგარქებთან კორუფციულ გარიგებებში ხელს ვუშლი“, - დარწმუნებულია ყოფილი ქართველი ლიდერი.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2014 წელს გამოჩნდა, მაიდნის რევოლუციის შემდეგ და სახელმწიფოს ახალ მეთაურს თავისი სამსახური შესთავაზა. პეტრო პოროშენკომ იგი 2015 წლის ივლისში პრობლემური ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ უკრაინის მოქმედ პრეზიდენტსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მიშა თანამდებობიდან გადადგა (თანაც ოდესაში მისი მუშაობის შედეგები საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა) და განაცხადა, რომ მას პრეზიდენტი მუშაობაში ხელს უშლიდა. ამის მერე იგი ოპოზიციის ბანაკში გადავიდა. იმას, რაც შემდეგ უკრაინაში მოხდა, სიტყვებით ვერ აღწერ: მიშას პოპულისტური ინიციატივები, პრეზიდენტის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მიშას მხრიდან პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, პოლიციისაგან გაქცევა და შენობის სახურავზე ძრომიალი...
გადარეული რევოლუციონერი
მიხო ისეთ სცენებს დგამს, რომ სათავგადასავალო ფილმის რეჟისორს შეშურდება. ასეა თუ ისე, მისი მოულოდნელი ნაბიჯები თავგზას უბნევს არა მარტო ყველაზე გამოცდილ და პროფესიონალ დამკვირვებლებს, არამედ უკრაინის მთავრობასაც. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია: ის ბრალდებები, რომლებიც უკრაინის გენპროკურატურამ მის წინააღმდეგ გააჟღერა, „პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის გარიგების შედეგია“. ისე, კაცმა რომ თქვას, უკრაინის ხელისუფლებაც ვერ არის თავის სიმაღლეზე: მიშას დამნაშავედ მიიჩნევენ, მას კი პოლიცია ვერ აკავებს და თუ დავუშვათ, აკავებს, სასამართლოს მკაფიო და საბოლოო გადაწყვეტილება ვერ გამოაქვს. „ყველა მათი ინიციატივა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ხორციელდება, ხელისუფლების მოუმზადებლობაზე მეტყველებს და აქედან გამომდინარე, პეტრო პოროშენკოს სისუსტეს ამჟღავნებს“, - აცხადებს მიშა.
მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ გადარეულ რევოლუციონერს მანევრებისათვის სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება. იგი იძულებულია მთელი დღეები სასამართლოებში გაატაროს, სადაც მისი საქმეები იხილება. საღამოობით კი მიშა ვალდებულია კიევის ცენტრში მდებარე თავის უზარმაზარ ბინაში იჯდეს, დიდ ეგვიპტურ კოლონებთან, ლუდოვიკო მე-14-ის სტილით აწყობილ საათებთან და თეთრ ფორტეპიანოსთან ერთად, რომელზეც იგი არ უკრავს.
მიხეილს სჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მას მხარს უჭერს, ხოლო იმ გამოკითხვების შედეგები, რომელთა თანახმად, მისი რეიტინგი მხოლოდ ორი პროცენტია, სპეციალურად არის გაყალბებული. „ჩემი მოწოდების შედეგად კიევში გამართულ მიტინგში ყველაზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა 2014 წლის შემდეგ“, - აცხადებს იგი, - „რამდენიმე ათასი მოქალაქე“. მიშას პოპულარობის დონე ძალიან მერყეობს, მაგრამ მაღალი მაინც არ არის. გარდა ამისა, მისი მცდელობა, რომ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართული ოპოზიციური პლატფორმა ჩამოყალიბებულიყო (პრეზიდენტს მიშა კორუფციასა და ავტორიტარიზმში ადანაშაულებს), წარუმატებლად დასრულდა. ბევრი აკრიტიკებს საქართველოს ექს-პრეზიდენტს იმაშიც, რომ იგი თავშეუკავებელია და სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების უნარი არ აქვს. თვითონ იგი ირწმუნება, რომ მათთან საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდა. „ისინი თვითონ არიან დამნაშავენი თავიანთ წარუმატებლობაში: ლამაზ სიტყვებს იძახიან, მაგრამ შედეგებს ვერ აჩვენებენ“, - ამბობს მიშა. ამასთან, ფაქტია, რომ მას ნამდვილი სახალხო-პოლიტიკური ბაზა არ გააჩნია და ამიტომ ნაციონალისტურ და გასამხედროებულ დაჯგუფებებთან გაერთიანდა. „თუ ისინი მზად არიან ნამდვილი ბრძოლისათვის, როგორ შემიძლია უარი ვუთხრა?“ - თავს იმართლებს იგი. არადა, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გააძლიერა მის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა და იზოლაციაში მოაქცია.
თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, იგი უკან დახევას არ ფიქრობს. „შეიძლება პოლონეთში წავიდე, სადაც უკრაინაში და საქართველოს დევნისაგან კარგად დამიცავენ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ შეძლებს იგი კი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს? „მე არავის მივცემ იმის ნებას, რომ პოლიტიკას ჩამომაშორონ. უკრაინამ წარმატებას უნდა მიაღწიოს“.
დივანზე მოკალათებული მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ უკრაინა მის გარეშე წარუმატებელი იქნება“, - ვკითხულობთ სტატიაში.