გერმანიის ქალაქ კოტბუსში მიგრანტების მხარდამჭერი ანტიფაშისტური აქცია გაიმართა. გავრცელებული ცნობით, დემონსტრაციაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის გერმანელები და არაბი მიგრანტები.
აქციის მონაწილეები გერმანიასა და ევროპაში ლტოლვილთა მიმართებაში სიძულვილის ტალღის შეჩერებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კოტბუსში გასული წლის არჩევნებში კანცლერ ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა ანტიიმიგრაციულ პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
მიგრანტების მხარდამჭერი აქციის პარალელურად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს. ანტიისლამური ლოზუნგებით მათ მიგრანტების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ზრდა გააპროტესტეს.
ცნობისათვის, გასულ თვეში ორმა სირიელმა მოზარდმა 16 წლის გერმანელი ბიჭი დაჭრა დანით, მოგვიანებით კი სირიელ მოზარდთა ჯგუფი სავაჭრო ცენტრთან გერმანელ წყვილს დანით დაესხა თავს.