სომხური გამოცემა «Lragir»-ი საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, რას გააკეთებს სომხეთი, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება:
„2018 წლის ზაფხულში ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს, რომლისგანაც საქართველო ბევრს ელოდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იმედიანად განაცხადა, რომ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებისათვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტით ისარგებლებს. მით უმეტეს, რომ ამის შესახებ ნატოს ვარშავის სამიტზეც ითქვა.
მაგრამ რას იზამს მოსკოვი, რომელიც შეშფოთებულია ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობით? საქართველოს ნატოში შესვლა, აშშ-სთან მიმდინარე კონფრონტაციის ფონზე, შესაძლოა რუსეთის პოლიტიკის კრახად იქნეს აღქმული. რუსეთი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცე თავისი გავლენის ზონაში იყოლიოს, მაგრამ პირიქით ხდება - მას ნაწილ-ნაწილ კარგავს. საქართველო შესაძლოა მისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდეს.
როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, დასავლეთმა, როგორც ჩანს, რუსეთის მიმართ ტაქტიკა შეცვალა. შესაძლოა ფორსირებულად იქნენ ინტეგრირებულნი დასავლურ ალიანსში ის ქვეყნები, რომლებთაც რუსეთი თავის გავლენის ზონად მიიჩნევს. არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმა, რუსეთის გავლენის შესასუსტებლად და იმიგრაციული ნაკადის შესამცირებლად, ორგანიზაციაში გაწევრიანება ბალკანეთის ნახევარკუნძულის ექვს ქვეყანას შესთავაზოს: ბრიუსელი ამ წინადადებას მისცემს მაკედონიას, ალბანეთს, კოსოვოს, სერბიას, ჩერნოგორიას, კოსოვოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას.
და თუ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანდებიან, საქართველო კი ნატოს წევრი გახდება, რუსეთის ირგვლივ რკალი შესამჩნევად შევიწროვდება.
განვიხილოთ ეს პროცესები სომხეთის თვალსაზრისით: საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემდეგ სომხეთი მოსკოვისათვის უკვე უკანასკნელ ფორპოსტად რჩება - სწორედ ასე მიაჩნიათ რუსეთში. ფორპოსტს არამხოლოდ შემაკავებელი ფუნქცია აქვს. კონფრონტაციის დროს შეიძლება ის პირდაპირი დანიშნულებით იქნეს გამოყენებული. ქართველ ექსპერტებს არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება, რომ რუსეთს შეუძლია სომხეთი საქართველოს წინააღმდეგ პლაცდარმად გამოიყენოს.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ერევან-თბილისის ურთიერთობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად შეიცვლება. აღარაფერს ვამბობთ რუსეთზე, რომელიც კონფრონტაციას გაამწვავებს, რასაც სომხეთისთვის სასიცოცხლო საჭირო სატრანსპორტო კომუნიკაციების - გაზსადენისა და ზემო ლარსის გზის დაბლოკვა მოჰყვება. თუმცა ასეთ სიტუაციაში არის მედლის მეორე მხარეც: შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა, რომელთა შორის რუსეთის ინტერესებიც იქნება, მაგრამ ახლა მოსკოვი უკვე თბილისისა და ერევნის პოზიციასაც გაითვალისწინებს.
ამ ფონზე ნიშანდობლივად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მაისში ნატოს წრთვნები სომხეთშიც უნდა გაიმართოს. იქნება თუ ეს წრთვნები საქართველოსა და სომხეთის ურთიერთქმედების ტექსტირება?“