თავდაპირველად, ეს ავტომანქანები მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, როდესაც დასვა საკითხი, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება და ნაჩუქარი 96 ავტომობილი გადაეცათ საპატრული პოლიციისთვის, მინისტრთა კაბინეტში სრული მხარდაჭერა და კონსოლიდაცია იყო.
პრემიერის განცხადებით, საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.
„კონკრეტულად, ელექტრო ავტომანქანების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დასაბეგრი განაკვეთები. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რომ იმპორტირებული ავტომანქანების 35-40% დღეს უკვე სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვაალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობასა და კორპორაცია „მიცუბიშის“.
„გასულ კვირას იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის ჩვენ გვქონდა ორი მიზეზი – ერთი, სუმოისტმა საქართველოდან ტოჩინოშინმა ანუ ლევან გორგაძემ მოიპოვა იაპონიის იმპერატორის თასი და ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველმა მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.