საპარლამენტო დელეგაციის წევრები იანიკ გლემარეკს, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა გაეროს წარმომადგენელს საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნეს, როგორც პარლამენტის საქმიანობის, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოების მიმართულებით. მხარეებმა აღნიშნეს ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც აკავშირებს საქართველოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) საქართველოს წარმომადგენლობას. იანიკ გლემარეკმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არის სახეზე.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვანო ზარდიაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა. ვიზიტი ხორციელდება გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ელჩის, კახა იმნაძის მხარდაჭერით.