სასტუმროში „ჰოლიდეი ინ თბილისი" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
კომიტეტის ანგარიში აუდიტორიას კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ და კომიტეტის წევრებმა გააცნეს. პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის საბჭოს, აშშ საელჩოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ. პრეზენტაციას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება კომიტეტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
„გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავაცნოთ ის საქმიანობა, რომელსაც ეწევა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და ჩვენთვის ყველაზე მთავარს და ყველაზე ძვირფასს - ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თითოეული აქტივობის, თითოეული რეფორმის ადრესატები. სწორედ მათ ვაცნობოთ იმის შესახებ , თუ რა გავაკეთეთ წლის განმავლობაში. ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, როგორიცაა მაგალითად, სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმა, ბავშვთა კოდექსი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოიღებს თავის შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში. ადამიანის დაცვის მექანიზმები არსებითად გაუმჯობესდება და თითოეული მათგანი შეძლებს ღირსეულად იცხოვროს ამ ქვეყანაში", - განაცხადა სოფო კილაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს კომიტეტის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.
მოწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა.
„ადამიანი, მისი უფლებების დაცვა, ადამიანის ღირსების დაცვა არის ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი მიზანი. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ამ მიმართულებით, 2012 წლიდან მოყოლებული, რითაც ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ. გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის მუდმივი ამოცანა, ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ მიღწეულზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, პოლიტიკის, პრესის და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი დოროტა დლოუჩი-სულიგა. "საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მისასალმებელია კომიტეტის მცდელობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, მათ შორის, წლიური ანგარიშების გამოქვეყნება. მიუხედავად ამისა, კვლავაც აღინიშნება გარკვეული გამოწვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა სოციალური, ეკონომიკური და შრომითი უფლებების დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების, უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობა ამ გამოწვევების დასაძლევად", - აღნიშნა დოროტა დლოუჩი-სულიგამ.
კომიტეტის მუშაობა შეაფასეს აშშ ელჩის მოადგილემ, ელიზაბეტ რუდიმ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ. სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოქმედი მოადგილე საქართველოში, ნათია ნაცვლიშვილი.
ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის" მიერ. კომიტეტის მხარდაჭერა აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა. სამწლიანი პროექტი ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.