საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას დაკავებული სევერიან დონღაძის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის გადაცემა სურს, თვითონ კი რეადმისიის შესაბამისად, პოლონეთში უპირებენ გაგზავნას.
„მათ თავიდან განაცხადეს, რომ თუ არ დამაკავებენ, რუსეთის ფსბ მომკლავდა, თუმცა ბოლო დღეები დასავლეთის ქვეყნების საელჩოებს ეუბნებიან, რომ ჩემი მოკვლა არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ნაციონალისტებს სურთ. მათ ეშინიათ ჩემი უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის, იმპიჩმენტის ახალი მარშების და შესაძლოა სურთ, რომ ქვეყნიდან წავიდე. ბრალდების მხარეს რეალურად არაფერი აქვს, მათ უნდათ რომ დავიმალო, მაგრამ ეს არასდროს მოხდება და ბოლომდე დავიცავ ჩემს და ჩემი თანამებრძოლების უფლებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელები მანქანაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაუხსნა.
,,კოფერფილდი არ ვარ. იცით ვინ გამიხსნა ხელები მანქანაში? უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, და მითხრა, წადით აქედან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება პირადი მცველებისა და ტელეკომპანი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლის გატაცებაში დაადანაშაულა და ქმედებას ბანდიტური უწოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სატელეფონო ჩანაწერები დამონტაჟებულია და აუცილებელია, რომ მასზე საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდეს.