ევროკავშირის ქვეყენებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველთა ორგანიზებულ კრიმინალში ჩართულობის გამო, საქართველოს მთავრობამ გაფრთხილება მიიღო.
ტაბულას ინფორმაციით, ევროკომიის მიერ გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში განხილულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პირველადი შედეგები.
ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.
"ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომლის მოქალაქეებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები არიან საკმაოდ მოქნილები და ისინი წარმოდგენილი არიან არაერთ ქვეყანაში, ისინი ძირითადად ქურდობასა და ყაჩაღობაზე არიან ორიენტირებული. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში", - წერია ევროკომისიის ანგარიშში.
გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე, დადებითად არის შეფასებული ის საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციისთვის აწარმოა.