მაკედონია ქვეყნის ახალ სახელწოდებას რეფერენდუმის გზით განსაზღვრავს. როგორც მაკედონიის პრემიერ- მინისტრი ზორან ზაევი ამბობს, გადაწყვეტილება საერთო ეროვნული კონსენსუსის შედეგად უნდა მიიღონ.
“ჩვენ ვხედავთ გამჭვირვალე პროცესს, რომელიც საერთო ეროვნული კონსენსუსით უნდა დასრულდეს და გადაწყვეტილებას რეფერენდუმის გზით მხარი მოქალაქეებმა უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა ზაევმა.
მაკედონიის სახელწოდების გარშემო მეზობელ საბერძნეთთან დავა წლებია, გრძელდება. ამის გამო, ათენი მაკედონიის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავს.
მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაერო–ს შუამავლობით მიმდინარეობს და როგორც მაკედონიის პრემიერი ამბობს, პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მაკედონიას მოუწოდა, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ალიანსში გაწევრიანება სურს. მან 18 იანვარს სკოპიეში გამოსვლისას თქვა, რომ მიესალმება მაკედონიის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ვითარების „რეალისტურად“ შეფასებას, რადგან ჯერ კიდევ ბევრი საქმე უნდა გაკეთდეს. ეს ეხება სახელწოდება „მაკედონიის“ გარშემო საბერძნეთთან დავასაც, რომელიც სტოლტენბერგის აზრით, მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდება.