მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურს ჩვენება მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა. მისივე თქმით, გამომძიებლები სააკაშვილის ხმის ნიმუშების აღებასაც ცდილობდნენ.
„დაკითხვა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. დღეს ხმის ნიმუშების აღების საგამოძიებო მოქმედება იყო დაგეგმილი. ამ მოქმედების ფარგლებში ჩვენ საკუთარი განმარტებები და პროტესტი გამოვთქვით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დასრულებულია“, - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.
კითხვაზე, ჩააბარა თუ არა სააკაშვილმა საკუთარი ხმის ნიმუშები, ადვოკატმა პასუხს თავი აარიდა. თავად სააკაშვილმა კი დაკითხვის შემდეგ უშიშროების სამსახურის შენობა უკომენტაროდ დატოვა.