უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 10 სექტემბერს, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე 32 პირის ვინაობა დაადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, 5 პირი დაკავებულია და გამოვლენილია, ასევე 6 შესაძლო ორგანიზატორი.
პოლიციამ მოვლენებთან დაკავშირებით, ასი ადამიანი დაკითხა.
მიხეილ სააკაშვილის ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება. საქართველოს ექსპრეზიდენტმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და სააკაშვილის თანამებრძოლი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმისთვის უკრაინის ხელისუფლება ლვოვში ლოიალურ სასამართლოს ეძებს, თუმცა ამ დრომდე ვერ იპოვნა.
„ისინი უკვე იმყოფებოდნენ მოსტიცკის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ რეფორმების შემდეგ იქ მხოლოდ ერთი მოსამართლე დარჩა და ისიც შვებულებაშია. შემდეგ მივიდნენ გოროდეცის სასამართლოში, სადაც ისინი არ მიიღეს, რადგანაც პროტოკოლი სააკაშვილს კანონდარღვევით, მოწმეების დაუსწრებლად გადასცეს. მინდა მოვუწოდო ყველა მოსამართლეს, არ შეუშინდეთ ზეწოლას და უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილოთ,“-განაცხადა საყვარელიძემ.