მედიაექსპერტი ია ანთაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, ის ხედვა, რომელიც კლინტონმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს - საქართველოს ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული პროცესების განვითარება და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა. ამის შესახებ ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ანთაძის განცხადებით, კლინტონის მისამართით კითხვა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარსიხის შესახებ არ ყოფილა, თუმცა ის საკითხები, რის შესახებაც კლინტონმა ისაუბრა, მედიასაც მოიცავდა.
"იყო რამდენიმე თემა, რომლის ძირითადი აქცენტი იყო საქართველოს სამომავლო განვითარება. ხედვა იმისი, თუ რა გზით უნდა წავიდეს ცხოვრება ჩვენს სახელმწიფოში იყო ამგვარი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანის იმ სტანდარტებზე ზრუნვა, რომელიც აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული პროცესების განვითარება და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა. ყოველივე ეს, თავისთავად მოიცავდა მედიას და დანარჩენს. მე პირადად კმაყოფილი ვარ იმ ხედვით, რომელიც კლინტონმა შემოგვთავაზა", - განაცხადა ანთაძემ.