ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ფორუმზე დასწრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ხიდაშელი წერს, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის სინდისზეა, რომ დღეს საქართველო პარტნიორების გარეშეა დარჩენილი და მსგავს ფორუმზე უწევს დასწრება.
"გახსოვდეთ ყველაფერი კონტექსტია!
კობახიძის ამ თურქმენული თავგადასავლის პრობლემა ის კი არ არის, რომ
- თურქმენეთში ჩავიდა
- ან ის რომ ამ ფოტოზე პუტინიც არის.
პრობლემა სხვაგან არის, სახელმწიფოს პირველ პირს ხან თურქმენეთში მოუწევს ჩასვლა და ხან საფრანგეთში. პრობლემა ის არის მხოლოდ, ამათ არჩევანში მხოლოდ თურქმენეთი აქვთ, ცოტა პეკინი, თეირანი და ალბათ ტაშკენტშიც დაპატიჟებენ. ეს კი მთლიანად ივანიშვილი-კობახიძის სინდისზეა:
ის, რომ საქართველო ამ არეულ მსოფლიოში მარტოა, პარტნიორების და მეგობრების გარეშე;
ის, რომ მსგავს ფორუმებზე უწევს სიარული, იმიტომ რომ სხვა სივრცე აღარ დატოვა, სხვა სამოქმედო არეალი მას არა აქვს;
ის რომ არჩევანის საშუალება არ დაიტოვა და ორონდ სადმე დაუძახონ ყველგან გარბის, ამიტომ ხან სიკვდილი ამერიკას შეძახილების მოსმენა და მასში მონაწილოება უწევს, და ხან პუტინის გარემოცვაში ყურყუტი.
მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენი მთელს ამ ისტორიაში ის არის, რომ თუ მაინცდამაინც იქ ხარ, ვერც იმას ბედავ რომ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვო, მის სიტყვებზე ტაშის გრიალს "მოკრძალებული" ტაში არ შეუერთო და ამ ფოტოდან გაქრე, ის რამდენიმე წუთი რომელიც შენია და მიკროფონს არავინ გაგითიშავს, მაშინაც ვერ ახერხებ, იყო სუვერენული ქვეყნის პირველი პირი.
"მიმდინარე ოკუპაცია" არ არის მშვიდობა;
"მიმიდინარე ოკუპაცია: ომია;
უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები შენს ტერიტორიაზე, ასევე ომია;
შემი მიწის გახლეჩვა და მიტაცებულის სახელმწიფოებად გამოცხადება, ასევე ომია;
და ეს სიტყვები, რომელიც კობახიძეს ეკუთვნის და ამ ფოტოზეა, სტატუსკვოს აღიარება და მასთან შეგუებაა.
საქართველოს "ეგზისტენციალური პრიორიტეტი" მისი თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, სხვა ეგზისტენციალური პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანას არ აქვს, იმიტომ რომ მას ყავს მტერი, რომელიც იმავე დარბაზში იყო, და რომლის ჯარის ჩვენს მიწაზე დგომაც მისი არსებობისთვის "ეგზისტენციალურ" საფრთხეს წარმოადგენს.
მაგრამ ამ ბეჩავისთვის პუტინით თუ მის გარეშე სადმე დაპატიჟება, მისი აღიარების თამაშის ნაწილია და გააგრძელებს ამ სამარცხვინო ფორმატებში მონაწილოებას.
მთავარი კითხვა კი იგივე რჩება:
რას უპირისპირებს ამას ქართული პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი;
რა არის ალტერნატივა, რომელსაც ამ სახელმწიფოებრიობის კვდომისგან გასათავისუფლებად სთავაზობს ქვეყანას", - წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმს ესწრებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმირ პუტინიც, ასევე თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები.